EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
04/10/2024 16:10:21
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3563/?year=2012&month=12
 
 უკან

2012 წლის 10 დეკემბერის ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის განცხადება

10.12.2012
დღეს, 10 დეკემბერს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღეს აღვნიშნავთ. ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებს მუდმივად თან გასდევს. 

ევროკავშირისათვის მიმდინარე წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროდუქტიული იყო. ევროკავშირმა ადამიანის უფლებების სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის საქმიანობის სრული სპექტრის ფარგლებში ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანობისა და თანამიმდევრულობის გაძლიერებას ემსახურება. 

მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დიალოგის გზით ადამიანის უფლებების დაცვის ხელშესაწყობად ჩვენ დავნიშნეთ ბატონი სტავროს ლამბრინიდისი ევროკავშირის პირველ სპეციალურ წარმომადგენელად ადამიანის უფლებების საკითხებში. ასევე, 2012 წლის ოქტომბერში ევროკავშირი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისათვის, რამაც კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის მასშტაბის გაფართოებას შეუწყო ხელი. ამ პრესტიჟული ჯილდოს გადაცემა ადამიანის უფლებების დაცვის დღეს  ხდება.
 
ადამიანის უფლებების დაცვის დღის წლევანდელი თემა ჩართულობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უფლებაა. აღნიშნული თემა განსაკუთრებით აქტუალურია დემოკრატიულ მმართველობისაკენ ტრანზიციის იმ ფონზე, რასაც ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვხედავთ. ჩვენს მეზობლად მდებარე რიგ ქვეყანაში, მათ შორის, ტუნისში, ლიბიასა და ეგვიპტეში გასულ წელს წარმატებით ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. ამან ბევრ მოქალაქეს მისცა საშუალება პირველად თავისუფლად მიეცა ხმა და გამხდარიყო მონაწილე იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესისა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების მომავალზე ახდენს გავლენას. დემოკრატიისკენ სწრაფვის ეს ტენდენცია ასევე შეინიშნება მსოფლიოს უფრო შორეულ რეგიონებშიც. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე შიდა რეპრესიების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ბირმაში/მიანმარში. ჩვენ მივესალმებით სომალიში ახალი დროებითი კონსტიტუციის მიღებას და სიერა ლეონეში მცირე ხნის წინ ჩატარებულ მშვიდობიან არჩევნებს.

მიუხედავად ამისა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც  საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ იმ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად, რომლებისაც მათ სწამთ და მოქმედებენ უკეთესი მომავლის იმედით მათთვის და მომავალი თაობებისათვის. ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული ნამდვილი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე არჩევნების ჩატარება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საზოგადოებაში უფლებები გამყარებული უნდა იყოს არა მარტო კანონმდებლობის, არამედ ყოველდღიური პრაქტიკის მეშვეობითაც. ევროკავშირი ხედავს სხვადასხვა მთავრობების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესებისკენ მიმართულ განახლებულ მცდელობებს. ეს განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებს ეხება რომლებიც დაფინანსებას ქვეყნის გარედან იღებენ, მაგრამ ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ ეს ორგანიზაციები არ დგანან. ევროკავშირი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას. ამ კონტექსტში ევროპის დემოკრატიის ფონდის დაარსება, ევროკავშირის სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ, დემოკრატიის ხელშეწყობაზე მიმართული ძალისხმევის კონკრეტული გამოხატულებაა.

ჩვენ გვწამს, რომ ყველას უნდა შეეეძლოს თანაბარ საფუძველზე მონაწილეობის უფლების გამოყენება. ქალები და ახალგაზრდები ბევრი წლევანდელი დემოკრატიული მოძრაობის მოწინავე რიგებში იდგნენ და მსოფლიოს გარშემო და ადამიანებისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ. უნარშეზღუდული ადამიანები კვლავ დგანან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე და ეს საკითხი გადაწყვეტას მოითხოვს. 

საერთაშორისო და მრავალმხრივი პროფილის მქონე ორგანიზაციების მეშვეობით და ჭეშმარიტი პარტნიორობის სულისკვეთებით, ევროკავშირი მოწოდებულია ითანამშრომლოს მსოფლიოს მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მხარი დაუჭიროს ახალ დემოკრატიებს და უზრუნველყოს, რომ ყველასათვის რეალობად იქცეს ჩართულობის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უფლება.