EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
06/02/2023 17:02:47
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37258/?year=2022&month=9
 
 უკან

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების 108-ე შეხვედრა შედგა ერგნეთში

23.09.2022
ერგნეთი, 2022 წლის 23 სექტემბერი - ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 108-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მოწადინებულობა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მონაწილეობის მიმართ. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას ივნისში, ლომისობის რელიგიური დღესასწაულის დროს და აგვისტოს ბოლოს. მათ ასევე პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასარგებლო განცხადებები 2022 წლის დეკემბრამდე ყოველი თვის ბოლო ათი დღის განმავლობაში ორი გადაკვეთის პუნქტის დროებითი გახსნის შესახებ.  თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს მონაწილეთა მზადყოფნა განიხილონ შემდგომი ნაბიჯები ამ კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვეს კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან ქალები, ბავშვები და მოხუცები. 

ელჩებმა შჩიგელმა და მოშანუმ პოზიტიურად შეაფასეს დაკავებულების გათავისუფლების ბოლო შემთხვევები და მოუწოდეს ჰუმანიტარული მიდგომისკენ დაკავებების მიმდინარე  შემთხვევების გადაწყვეტის დროს. 

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს დამატებითი საკითხები, რომლებიც უარყოფითად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე, მათ შორის განათლებაზე ხელმისაწვდომობა, უწყვეტი „ბორდერიზაციის“ საქმიანობა,  ასევე სარწყავ და სასმელ წყალზე წვდომა, პრობლემა, რომელიც გაამწვავა ზაფხულის მშრალმა სეზონმა. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას, სარწყავი საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლის და რეგულარული კომუნიკაციის შენარჩუნების ხელშეწყობის კუთხით. 

თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს გამოიჩინონ არაკონფრონტაციული მიდგომა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ნებისმიერ განვითარებასთან დაკავშირებით, ამასთან, ხაზი გაუსვეს ცხელი ხაზის ეფექტიანი გამოყენების საჭიროებას დაძაბულობის განმუხტვისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებს შორის ნდობის გასაძლიერებლად. 

მონაწილეები შეთანხმდნენ მორიგი რეგულარული შეხვედრის 2022 წლის 10 ნოემბერს გამართვაზე.