პრეს რელიზები

განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

25.11.2022
წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში,  ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და  ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის,  ჩეხეთის, ხორვატიის საელჩოები საქართველოში. 

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას.

სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის  საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად  გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც.

ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის  პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. 

როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები.  შედეგად,   ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.  ამას გარდა, ძალადობაგამოვლილი პირებისთვის  სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა.

თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან.

ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი  აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის  გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ. 


Follow us on social media