EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/12/2024 20:12:52
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37347/?year=2023&month=2
 
 უკან

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის მიმართ.

22.02.2023
ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური, ბ-ნი სტეფანო ტომატი, 2023 წლის 22-23 თებერვალს ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. ჩამოსვლისას მას თბილად შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, ბ-ნი დიმიტრიოს კარაბალისი

„სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის ვიზიტი, გასულ წლის დეკემბერში მანდატის გაგრძელებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე და გრძელვადიან ერთგულებას სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში“, თქვა მისიის ხელმძღვანელმა კარაბალისმა. 

ოთხშაბათს ბ-ნი ტომატი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს თბილისში, სადაც მას ჩაუტარდა საინფორმაციო ბრიფინგი და მან დაათვალიერა ახალი შენობა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად გაიხსნა.  

ამის შემდეგ, სამოქალაქო ოპერაციების მეთაური გაემგზავრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში, სადაც მიიღო ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამივე რეგიონალური ოფისისგან.

შემდეგ ბ-მა ტომატმა მონაწილეობა მიიღო ხურვალეთის რაიონში, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე პატრულირებაში, სადაც მისიის თანამშრომლებმა მიაწოდეს მას ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. მათ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნეს ‘ბორდერიზაციის’ აქტივობების მავნე ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და მისთვის განათლების, ჯანდაცვის, საკუთრების და რელიგიური ადგილების ხელმისაწვდომობაზე. 

თბილისში ვიზიტისას, სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა მისიის თანამშრომლებს გადასცა მედლები და დამსახურების სიგელები როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ისე სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის.  

ხუთშაბათს ბ-ნი ტომატი შეხვდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, საქართველოში ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ ჯანჯალიას.

მისი ვიზიტის განმავლობაში სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა განაცხადა:

„მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებისადმი მათი მოწადინებულობისთვის ხშირად რთული გარემოებების მიუხედავად, უზრუნველყონ სტაბილურობა ევროკავშირის სამეზობლოში, აქ, საქართველოში. მათი მდგრადობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, მისიამ შეძლო გაეგრძელებინა სრულად ფუნქციონირება 2022 წლის გამოწვევების დროს, რომელთა შორის არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მიმდინარე COVID-19-ის პანდემია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების დროებითი განლაგება სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალსა და ევროკავშირის დაგეგმვისა და დახმარების ჯგუფში“, თქვა სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა ტომატმა. 

დამატებითი ინფორმაცია:

ბ-ნი სტეფანო ტომატი დაინიშნა ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურად საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში 2022 წლის სექტემბერში. 

ბ-ნი ტომატს აქვს ზოგადი პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის 12-ვე სამოქალაქო მისიის ოპერაციების წარმართვაზე, პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის პოლიტიკური კონტროლისა და სტრატეგიული ხელმძღვანელობით და საბჭოსა და უმაღლესი წარმომადგენლის უფლებამოსილებით. სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ასევე პასუხისმგებელია 2000-ზე მეტი თანამშრომლის უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე, რომელიც ამჟამად მსახურობს საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში, რომლებიც განლაგებულია ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.