EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/12/2025 21:12:42
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37679/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 129-ე შეხვედრა გაიმართა

22.12.2025
2025 წლის 22 დეკემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 129-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.  

2025 წლის უკანასკნელ შეხვედრაზე, მონაწილეებმა გამოხატეს მათი მადლიერება ფორმატის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება მისი მომავალში გაგრძელების მიმართ. ამ საერთო ერთგულებაზე დაყრდნობით, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს ფორმატის გადამწყვეტ როლს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების განხილვასა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებაში. 

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კონფლიქტით დაზარალებული თემების წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა. დისკუსია ასევე შეეხო დაკარგული პირუტყვის შემთხვევების გადაწყვეტას ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის სწრაფი გაცვლის გზით.

თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს წუხილი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების აღქმაზე დაკავებების განგრძობითი პრაქტიკის შედეგად არსებული უარყოფითი ზეგავლენის გამო. თანათავმჯდომარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაღმა გადაადგილების გაზრდა ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას და ადგილობრივ თემებში უსაფრთხოების განცდის გაძლიერებას. 

ამ მხრივ, თანათავმჯდომარეებმა მხარი დაუჭირეს გადაკვეთის  კონტროლირებადი პუნქტების დეკემბერში ფუნქციონირების იანვარში გაგრძელებას, რათა ხელი შეეწყოს სადღესასწაულო პერიოდში გადაადგილების ზრდას. ასეთი ზრდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით დაყოფილ ოჯახებს საშუალებას მისცემს, გაერთიანდნენ, მონაწილეობა მიიღონ რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაში და შეინარჩუნონ აუცილებელი სოციალური კავშირები ამ პერიოდში, რომელიც ტრადიციულად ოჯახურ შეკრებებს ეთმობა.

დასასრულს ყველა მონაწილემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის, როგორც  უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე სანდო და დროული ინფორმაციის გაზიარებისთვის არსებული ეფექტიანი ინსტრუმენტის შესანიშნავი ფუნქციონირება.  
2026 წლის პირველი შეხვედრა, რომელიც ფორმატის 130-ე შეხვედრა იქნება, 4 თებერვალს არის დაგეგმილი.