პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 86-ე შეხვედრა გაიმართა

15.05.2018
2018 წლის 15 მაისს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 86-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგისა და  სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.

ბატონმა ჰოგმა  2018 წლის 1 მარტს ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა.  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური.

შეხვედრის მსვლელობისას დეტალურად იქნა განხილული ბატონი ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილის საქმე. თანათავმჯდომარეებმა დაჟინებით მოითხოვეს საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდეს ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკის გამოყენებისაკენ, საქმის ყველა ასპექტთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას. ასევე შემოთავაზებულ იქნა ექსპერტთა ტექნიკური შეხვედრის ჩატარება. შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე განიხილეს ბატონი ბაშარულის საქმე.

მონაწილეებმა განიხილეს ბორდერიზაციის საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ ოსეთში ნასახლარების დაშლა და ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს  სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა წყალმომარაგების საკითხები. თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს დიალოგისკენ რათა მოხდეს თანაბრად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღება მათ სასარგებლოდ, ვინც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებს ამუშავებს. თანათავმჯდომარეებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჰუმანიტარული მიდგომისაკენ მოუწოდეს.

შეხვედრისას თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის, მანდატის შესაბამისად, შეუფერხებელი მონიტორინგის განსახოციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

შეხვედრის ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ინფორმაციის დროულად გაცვლისათვის ადმინისტრაციული საზღვრის მიდამოებში  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ და მაღალი შეფასება მისცა  ცხელი ხაზის ეფექტურ მუშაობას.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2018 წლის ივნისში გაიმართება.  



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი (მარცხნივ) და   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  ოპერაციათა განყობილების ხელმძღვანელი გაბრიელ ფონ ჰორნი (მარჯვნივ) ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე ჩამოვიდნენ
 


  მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრება



სამხრეთ ოსეთის წამყვანი მონაწილე მურატ ჯიოევი (მარცხნივ) და საქართველოს წამყვანი მონაწილე ირაკლი ანთაძე (მარჯვნივ) ერთმანეთს მიესალმებიან



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და  სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი ელჩი გიუნტერ ბეხლერი  დისკუსიის თემებს განიხილავენ


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 86-ე შეხვედრა მედიის ყურადღების ცენტრში



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი (მარჯვნივ) ესალმება შეხვედრის ქართველ მონაწილეს, ირაკლი ანთაძეს (მარცხნივ) 



შეხვედრა მალე დაიწყება



ბატონმა ჰოგმა  2018 წლის 1 მარტს ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა




Follow us on social media