ინფორმაცია მისიის შესახებ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა.
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობში ყოფნას აკვირდებიან.
მისიამ სადამკვირვებლო საქმიანობა 2008 წლის 1 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო.
მას შემდეგ, მისია ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ასევე, შესაბამის მიდამოებში მუდმივად ადგილზე ყოფნით მისია ზოგადად უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მანდატი
მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც რეგიონში ევროკავშირის სამომავლო ჩართულობას უწყობს ხელს.
მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლებისათვის შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე აქამდე უარს ამბობენ.
უპირველეს ყოვლისა, მისია შეიარაღებული კონფლიქტის განახლების თავიდან აცილებასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობს. მისიას სურს ხელი შეუწყოს ისეთი პირობების შექმნას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა შიშისა და დაბრკოლებების გარეშე შეძლებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთას ორივე მიმართულებით, რაც არსებული გამყოფი ხაზების ნეგატიურ გავლენას შეამცირებს.
მანდატის განხორციელება
ევროკავშირის ოცდარვა წევრი სახელმწიფოდან ოცდაექვსმა, სხვადასხვა სამოქალაქო, საპოლიციო და სამხედრო გამოცდილების მქონე, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი დამკვირვებელი გამოგზავნა მისიაში. პროფესიული ცოდნის და გამოცდილების ასეთი ნაზავი უაღრესად მნიშვნელოვანია რთულ გარემოში დაბალანსებული და ეფექტიანი მიდგომის უზრუნველსაყოფად.
მისიის სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს. ამასთან, ფუნქციონირებს სამი რეგიონალური ოფისი მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში.
თითოეულ რეგიონალურ ოფისში დამკვირვებლები სამ თემატურ ჯგუფად არიან დაყოფილნი. ესენია:
• ნდობის აღდგენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე.
• საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების შესრულების მონიტორინგი.
• კონფლიქტის მართვისას ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები
2008 წლის ოქტომბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი გამჭვირვალეს ხდის და შეზღუდვებს აწესებს ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე საქართველოს საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებულ აღჭურვილობაზე და განხორციელებულ საქმიანობაზე.
2009 წლის იანვარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც 2010 წლის ივლისში შესწორდა, ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე ზღუდავს საქართველოს შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის განლაგებას. საქართველოს მთავრობის მიერ ცალმხრივად გადადგმული ეს ნაბიჯი ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით ძალის არ გამოყენების პრინციპის განმტკიცებისკენ არის მიმართული. უსაფრთხოების უფრო მეტად გამყარებას რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების გატარება შეუწყობდა ხელს.
2009 წლის თებერვალში ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეული იქნა შეთანხმება კონფლიქტის ყველა მხარეს შორის რეგულარული შეხვედრების გამართვის შესახებ. შეხვედრები, მხარეებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კონკრეტული ინციდენტებისა და საკითხების განხილვას და მოგვარებას ისახავსდა მიზნად. მოცემული ფორუმის ფარგლებში, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სახელით არის ცნობილი, რიგი შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გაეროს, ეუთოს, საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობით შედგა. მექანიზმის ნაწილია სატელეფონო სისტემა "ცხელი ხაზი", რომელიც ორივე კონფლიქტურ რეგიონთნ დაკავშირების საშუალებას იძლევა. ცხელი ხაზის სისტემა მონაწილეებისათვის კონკრეტული ინციდენტების დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საერთო აზრის შესაქმნელად მეტად სასარგებლოა და მან არაერთხელ შეუწყო ხელი შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას.
ასევე, მისია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სიტუაციის ნორმალიზაციას აკვირდება. შესაბამისად, მისია 2008 წლის კონფლიქტით უშუალოდ დაზარალებულ რეგიონებში კანონის უზენაესობის აღდგენას უწევს მონიტორინგს. ამასთან, მისია 1991-1993 და 2008 წლების ომების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენას აკვირდება.
ფართო წარმომადგენლობის წყალობით, მისიას მუდმივად და დროულად შეუძლია ინფორმაციის შეგროვება ადგილზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. მოცემული ინფორმაცია შემდეგ შესაბამის ადგილობრივ, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული დახმარების გაწევაზე.
ძირითადი გამოწვევები
• მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის შემადგენელი კომპონენტის, სტაბილიზაციის შედეგები შესამჩნევია, ნდობის აღსადგენდ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი. ამავე დროს, მისია მტკიცედ აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის უფლების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის გაზრდას, ნათელს მოჰფენს უკვე მომხდარ ინციდენტებს და ამით შეამცირებს მადესტაბილიზირებელი ინციდენტების რისკს მომავალში.
• 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმება განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი საქმიანობის და სიტუაციის სტაბილიზაციაზე მიმართული ძალისხმევის საფუძველია. განსახორციელებელი რჩება შეთანხმების მეხუთე პუნქტი, რადგანაც რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების და ტექნიკის ყოფნა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეთანხმების ამ ნაწილის დარღვევას წარმოადგენს.
წარმატებები
• 2008 წლის შემოდგომაზე, ხშირად გამოთქვამდნენ შეშფოთება, რომ საომარი მოქმედებების განახლების კონკრეტული შესაძლებლობა არსებობდა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის მოგვარებამდე ჯერ კიდევ შორია, ეს საშიშროება აღარ დგას. გაიზარდა უსაფრთხოების შეგრძნება კონფლიქტის მხარეებს შორის და ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე, გამყარდა სტაბილიზაციის პროცესი.
• ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების შედეგად, გაუმჯობესდა ქართული პოლიციის და შეიარაღებული ძალების საქმიანობის გამჭვირვალობა, რამაც ხელი შეუწყო ვითარების სტაბილიზაციას.
• ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გარკვეული წარმატებები დაფიქსირდა. განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრებზე ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა განეხილა კონკრეტული მოვლენები და ინციდენტები და ასევე წამოეჭრა საერთო უსაფრთხოების მდგომარეობასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.
• ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებელ ელემენტად განიხილება.
• ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ასევე გააჩნია სამუშაო კონტაქტები რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებთან ამ ორ რეგიონში.