ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში საქმიანობას 2008 წლის 1 ოქტომბერს შეუდგა. მაშინ როდესაც ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები რიგ დიპლომატიურ საკითხებზე მუშაობენ, ჩვენი 200 დამკვირვებლის საქმეა უზრუნველყონ ყველა მხარის მიერ პრეზიდენტ სარკოზისა და მედვედევის მიერ ხელმოწერილი აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულება. დამკვირვებლები ქვეყნის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი, რათა აღადგინონ ნდობა ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს შორის და ხელი შეუწყონ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. ჩვენ სამოქალაქო, შეუიარაღებელი მისია ვართ და არ შეგვიძლია ძალით გავიკვლიოთ გზა. ჩვენი “იარაღია” არსებულ მოვლენებზე პროფესიონალური და ობიექტური ანგარიშის წარმოდგენა. ეს ვებ-გვერდიც ჩვენი საქმიანობის ნაწილია. ვებ-გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მისი მეშვეობით ჩვენც შეგვიძლია თქვენი ინფორმირება. ჩვენ გვყავს დაახლოებით 15-20 სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც დღის განმავლობაში ანხორციელებს პატრულირებას. დამკვირვებლები ანგარიშს წარადგენენ ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრებზე, მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებულ პრობლემებზე, გენდერულ საკითხებზე, ადამიანის უფლებების საკითხებზე, უსაფრთხოების მდგომარეობაზე და ტერიტორიაზე სამხედრო და საპოლიციო ძალების ყოფნაზე. ჩვენი ჯგუფები პროფესიონალებისაგან არიან დაკომპლექტებულნი, რომლებიც რეგიონში ყველას საკეთილდღეოდ, უსაფრთხო გარემოს შექმნაზე მუშაობენ.












