ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

13.11.2013
12 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა საქართველოში კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან შეხვედრას უმასპინძლა. 

მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან  არსებული მდგომარეობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის განვითარების გზებზე ისაუბრეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრა პირველად შედგა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონში საქმიანობის მნიშვნელობა. ზოგიერთმა მათგანმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი ორგანიზაციების შემდგომი ჩართულობის საჭიროებას. შეხვედრის ყველა მონაწილე დაეთანხმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ინფორმაციის გაცვლის ორმხრივი არხის შექმნისა და მისიისაგან რეგულარული გამოხმაურების მიღების აუცილებლობას.

"დღეს ჩვენი თანამშრომლობის ბევრი შესაძლებლობა განვსაზღვრეთ" - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ცოცხალი დისკუსიის შემდეგ. "ეფექტიანობის გასაღრმავებლად არსებობს უამრავი გზა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ერთობლივად ვიმოქმედოთ. საჭიროა შევინარჩუნოთ დღევანდელი წინსვლა და მომავალი შეხვედრებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით რეგულარული ფორმატი შევქმნათ“.

შეხვედრის მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და ასოციაციების ფართო სპექტრს წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) , ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი, მშვიდობისა და ბიზნესის ასოციაცია, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, კავკასიური სახლი, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო", კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, უსაფრთხო სამყარო (Safeworld), საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი, დანიის ლტოლვილთა საბჭო და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი.


Follow us on social media