ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ევროკავშირის მიერ მშვიდობის ჟურნალისტიკაში გამოცხადებული კონკურსი მედიის წარმომადგენლებს გააცნო ზუგდიდში

31.07.2014
2014 წლის 28 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამამ (IWPR) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრას ერთობლივად უმასპინძლეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირის მიერ მშვიდობის ჟურნალისტიკაში გამოცხადებული კონკურსის წარდგენას და ნდობის აღდგენის საკითხში მედიის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრის დროს ჟურნალისტები და მედიის სფეროში მომუშავე წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ მედიის ზოგად პრობლემებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სფეროებსა და კონფლიქტების გაშუქების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომების გაუმჯობესების გზებს განიხილავდნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა ღონისძიების მონაწილეებს ევროკავშირის მიერ მშვიდობის ჟურნალისტიკაში გამოცხადებული კონკურსის მიზნებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და ჯგუფის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. 18 ივლისს მსგავსი ღონისძიება შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტებისთვის გორის რეგიონალურ ოფისში გაიმართა. შემდეგი საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია 6 აგვისტოს თბილისში.

დეტალური ინფორმაცია, განაცხადის ფორმის ჩათვლით იხილეთ ვებ-გვერდზე: www.euprizejournalism.ge ან www.eumm.eu. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 3 ნოემბერი.





Follow us on social media