პრეს რელიზები

მოდით ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე!

09.05.2021
თბილისი, 9 მაისი 2021 წელი - 9 მაისი აღნიშნავს მშვიდობასა და ერთიანობას ევროპაში. თარიღი აღნიშნავს შუმანის ისტორიული დეკლარაციის მორიგ წლისთავს. 1950 წელს პარიზში სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა თავისი იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა.

მისი ხედვის თანახმად უნდა შექმნილიყო ევროპული ინსტიტუტი, რომელიც გააერთიანებდა და განაგებდა ქვანახშირისა და ფოლადის წარმოებას. ასეთი ორგანოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა წელიწადზე ნაკლებ დროში. შუმანის წინადადება ითვლება იმ იდეად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დღეს არსებულ ევროკავშირს.

არსებული შეზღუდვების გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ მიიღებს მონაწილეობას ღია კარის ღონისძიებებში ევროპის დღის აღსანიშნავად.

წელს, ისევე როგორც წინა წელს, ჩვენ 9 მაისს პანდემიისას აღვნიშნავთ, ჩვენ არ გვექნება საშუალება შევხვდეთ და მივესალმოთ ქართველ საზოგადოებას მოედნებსა და ჩვენს ოფისებში ამ ღონისძიებისთვის. ამის ნაცვლად, ვირტუალურ პლატფორმებს საშუალებით გაგიზიარებთ ევროპის დღის შესახებ ახალ ამბებს.

სანამ კვლავ შევხვდებით, უყურეთ ჩვენი მისიის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის ელჩების ამ გზავნილებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ისევ ჩამოვართმევთ ხელს ერთმანეთს!# EuropeDay2021.

ევროპის გუნდმა ევროპის დღეს განცხადება გაავრცელა:

"გამარჯობა, საქართველო! დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ.

ევროპის დღე თანამშრომლობას ნიშნავს. ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა სტაბილური, წარმატებული ერთობა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთ წამყვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, გარემოს დაცვა თუ ციფრული ტექნოლოგიები.

დღეს, საქართველოში, ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობასაც ვზეიმობთ. საქართველო და ევროკავშირი მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ საქართველოს მთავარი მხარდამჭერები ვართ პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ საქართველოს გადავეცით სამედიცინო აღჭურვილობა და ცოდნა, დავეხმარეთ ვაქცინების მიღებაში და ვეხმარებით ვაქცინაციის პროცესში, გავუწიეთ ფინანსური დახმარება სოციალური მხარდაჭერის და ეკონომიკის აღდგენისათვის.

მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ყველა სფეროს აღდგენასა და განვითარებაში. თანამშრომლობას მოაქვს სიძლიერე. ჩვენ, „ევროპის გუნდის“ წევრები, ერთად უფრო ძლიერები ვართ და ჩვენი შრომის შედეგიც უკეთესია. საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია. საქართველო უფრო ძლიერია ევროკავშირთან ერთად!

ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!"

მონაწილეთა ჩამონათვალი იმავე თანმიმდევრობით, როგორც ვიდეოში არიან წარმოდგენილნი:

თომას მიულმანი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი
დესისლავა ივანოვა-კოზლევა, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი
ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი
ხორხე ნიკოლას ლუსინი სერანო დე არო, ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული
დიმიტრიოს კარაბალისი, საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი
ენრიკო ვალვო, იტალიის რესპუბლიკის ელჩი
პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი
დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი
ვიქტორია ჰორვატი, უნგრეთის ელჩი
ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი
ბერტ შოფს, ბელგიის სამეფოს ელჩი
მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი
რაზვან როტუნდუ, რუმინეთის ელჩი
პაველ ვიზდალი, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი
მარეკ შჩიგელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის სამეფოს ელჩი
კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში
მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

იხილეთ ვიდეო ქვემოთ:



Follow us on social media