ერგნეთი, 11 ივნისი, 2025 წელი – დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 125-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
თანათავმჯდომარეებმა გამოხატეს მადლიერება ყველა მონაწილის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში უწყვეტი ჩართულობის გამო. ეუთომ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაიმეორეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ყველა პუნქტის სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება. შეუფერხებელი წვდომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონკრეტულად ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვების და ხანშიშესულების საარსებო წყაროებს.
მონაწილეებმა არსებითი მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევების შესახებ, მათ შორის უსაფრთხოების მხრივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებზე, ზრუნვის საჭიროების მქონე ხანდაზმული ადამიანების მოვლის მოვალეობაზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და ნარჩენ წყლებთან დაკავშირებულ საკითხებზე. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს წუხილი დაკავებების განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით და გაიმეორეს დაკავებულთა გათავისუფლებისკენ მიმართული მოწოდება.
სარწყავ საკითხებზე თანამშრომლობა ყველას მიერ დადებითად შეფასდა, ამასთან ერთად, თანათავმჯდომარეებმა წაახალისეს შემდგომი ძალისხმევის განვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მხარდაჭერა. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, როგორც ინფორმაციის გაცვლის, დაძაბულობის განმუხტვისა და ინციდენტების დროული მართვის ფასდაუდებელი ინსტრუმენტი.
მონაწილეები ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი შეხვედრის 2025 წლის 21 ივლისს გამართვაზე შეთანხმდნენ.