პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეთექვსმეტე შეხვედრა გაიმართა

30.07.2013
30 ივლისს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეთექვსმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებითი ხელმძღვანელის ჟერარ ფიშერისა და კონფლიქტების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ანდრეი დიშიციას ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული წინა შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები და შემთხვევები განიხილეს. ყველამ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ სიტუაცია ზოგადად მშვიდია.

მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვის პროცესის ინტენსიფიკაცია და მისი შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საქმიანობაზე შექმნილ ნეგატიურ ზეგავლენას. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების უკანასკნელ რაუნდზე გამართული განხილვიდან გამომდინარე, შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დააყენეს პრობლემური მიდამოების ერთობლივი მონახულების საკითხი.

ასევე დაისვა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების საკითხიც.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მონაწილეებს მოუწოდეს წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზეგავლენის მქონე პრობლემებიდან პრაგმატული გამოსავალის მოსაძებნად გაწეული  ძალისხმევის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საყოფაცხოვრებო საკითხებს. კერძოდ - წყლის ხელმისაწვდომობასა და სასაფლაოებზე  დაშვების საკითხს.

ასევე განხილული იყო დაკავბულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკითხები. მონაწილეებმა გარკვეული დადებითი შედეგები აღინიშნეს. 

შემდეგი შეხვედრა 16 სექტემბერს ერგნეთში გაიმართება. 


Follow us on social media