პრეს რელიზები

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014 - პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვისთვის ხუთი ქართველი ჟურნალისტი დაჯილდოვდა

19.12.2014
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა  დააჯილდოვეს  „ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014“-ის გამარჯვებულები.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიონალურ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით. პრიზი ხელს უწყობს მედიის შესახებ ჯანსაღი დებატების გამართვას და აღიარებს მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის საუკეთესო მაგალითებს.

ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა: "ჟურნალისტიკა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დემოკრატიული  საზოგადოების ღირებულებების დაცვაში. პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვით შესრულებული ჟურნალისტური ნაშრომების აღიარება ყველა ჩვენთაგანის ინტერესშია, რადგან ამ გზით წვლილი შეგვაქვს საქართველოს ევროპასთან კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოებაში“.

ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ ოთხ კატეგორიაში:

ნომინაციაში ‘საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში’  გამარჯვებულია სოფო აფციაური, თანაავტორი თათია ხალიანი, სტატიით “შრომა გადარჩენისთვის“ (ლიბერალი)
ნომინაციაში ,საუკეთესო ტელე და რადიო რეპორტაჟი‘ დაჯილდოვდა ნანა ბიგანიშვილი სატელევიზიო გამოძიებისთვის „ვაკის პარკის დასაცავად“ (სტუდია მონიტორი)
ნომინაციაში ‘საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი გამარჯვებულია ლაშა ბუღაძე ბლოგპოსტით „გახდით ლისისტრატეები“ (რადიო თავისუფლების ბლოგი)
ყველაზე ინფორმატიული ონლაინ  გაზეთი ან საინფორმაციო სააგენტოს კატეგორიაში კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაჯილდოვდა.
თითოეულ გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო ბროლის გლობუსი და ფულადი პრემია 3,500 ლარის ოდენობით.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014 ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სპეციალური პრიზით მშვიდობის ჟურნალისტიკაში დააჯილდოვა გოგა აფციაური სტატიით „სარაევოდან წამოყოლილი ტკივილი და იმედი“ (media.ge). პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევრები და  სტიმული მისცეს ჟურნალისტებს,  კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ. გამარჯვებული დაჯილდოვდა სპეციალური სტიპენდიით, რაც საშუალებას მისცემს მას მონაწილეობა მიიღოს ,,კავკასიის პროგრამაში“.  ტრენინგი გაიმართება ქალაქ ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)  სათავო ოფისში.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა კონცერტის თანხლებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა იტალიელი სოლისტი ანა ტიფუ (ვიოლინო) და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.

დამატებითი ინფორმაცია
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში  2012 წელს დაფუძნდა. ყოველი წლის 3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად,  პრიზზე განაცხადის შეტანის ახალი პირობები და ვადები ცხადდება. ნომინირებულ ჟურნალისტებს სამი ქართველი და სამი ევროპელი აღიარებული ჟურნალისტისა და ევროკავშირის წარმომადგენლისგან შემდგარი ჟიური აფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს.  სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაარსდა და მისი მხარდამჭერია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი.
ნომინანტებისა და საკონცერტო პროგრამის ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.euprizejournalism.ge


www.eeas.europa.eu/delegations/georgia        ჯუზეპე ვასკესი: giuseppe.vasques@eeas.europa.eu

www.facebook.com/LetsMeetEurope მაია ჩიტაია: +995 599 49 00 12 maia.chitaia@actionprgroup.com

www.eumm.eu                                                  ენ ვასენი: +995 591 22 70 16 ann.vaessen@eumm.eu
   





Follow us on social media